Tuesday, June 14, 2011

მოგზაურის შთაბეჭდილებები


პოეტურად ვიწყებ: მიწას, როგორც ორთქი წვიმის მერე, ისე აუდის მუსიკა.
მშრალად ვკომენტირებ: კუთხე არ არის, საიდანაც მუსიკა არ მოისმოდეს. 

თითქოს ვხუმრობ: როგორც ჩანს, გალაქტიკის ყველაზე მუსიკალურ პლანეტაზე ვცხოვრობთ... 
ყველგან მუსიკაა. ყველაფრიდან რაღაც მოისმის... მუსიკა ისმის დიდ, ძალიან დიდ, არცთუ ისე დიდ, პატარა და ძალიან პატარა მაღაზიებში. მუსიკა გამაყრუალბლად ისმის ფართოდ მოხმარებადი ტანსაცმლის მაღაზიებში.
მუსიკა ჩუმად ისმის ნაკლებად ფართოდ მოხმარებადი ტანსაცმლის მაღაზიებში.
მუსიკა ჟღერს (ან გამაყრუებლად, ან ჩუმად) ესკალატორებზე, როცა სართულიდან სართულზე ადიხარ.
მუსიკა ჩაგესმის ლიფტში დგომისას (ლიფტში სხვა მუსიკა ჟღერს, გარეთ - სხვა). 

მუსიკა ჟღერს აეროპორტებში. მუსიკა ისმის მოსაცდელ დარბაზებში. მუსიკა გესმის რეგისტრაციის გავლისას. მუსიკას გესმის თვითმფრინავის სალონში შესვლისას. მუსიკა გესმის თვითმფრინავის აფრენამდე. მუსიკა გესმის თვითმფრინავის დაფრენისთანავე. მუსიკა გესმის ფრენისას - შენს გვერდით მჯდომს ყურებში გაუთხრია მუსიკის მჟღერი და ეს მუსიკა მისგანაც გესმის - მისი ყურებიდან, მისი ტანიდან. მუსიკა გესმის მძინარე მგზავრისგან (მას სძინავს, ხოლი იმას, რაც ყურებზე ჩამოუცვამს, არა. შესაბამისად - მის მუსიკას არ სძინავს, სულ ისმის). 
მუსიკა ისმის სადგურებში (ზოგ სადგურში გამაყრუებლად, ზოგ სადგურში ჩუმად). მუსიკა ისმის მატარებელში. მუსიკა გესმის ტუალეტში (ქალების ტუალეტში ერთი მუსიკა ჟღერს, კაცებისაში - მეორე, ინვალიდებისაში - მესამე). 
მუსიკა ისმის სასტუმროებში - გარედან აღწევს სასტუმროს ფანჯრებში. მუსიკა იმის ქუჩებში. მუსიკა ისმის მოედნებზე. მუსიკა ისმის დემონსტრაციებზე. მუსიკა ისმის კაფეებში და კაფეების ტუალეტებში (უმეტესად - გამაყრუებლად). მუსიკა ისმის რესტორნებში (სამშობლოში - გამაყრუებლად, სხვაგან - შემპარავად, ჩუმად).
მუსიკა გესმის მეტროში. მუსიკა გესმის ავტობუსში. მუსიკა გესმის ტაქსიში (სამშობლოში - გამაღიზიანებლად, სხვაგან - მსუბუქად გამაღიზიანებლად). მუსიკა ისმის ტაქსისტიდან (ტაქსიში აჟღერებული მუსიკა - ტაქსის მძღოლის პოზიციაა, მისი ცხოვრებისეული კრედოა, მისი ცხოვრების სტილია, ბიოგრაფიაა).
მუსიკა გესმის ზღვასთან, ზღვაში და ზღვიდან. მუსიკა გესმის წყლის ქვეშ (მოგუდულად, მაგრამ მაინც). მუსიკა ისმის თოვლში - მუსიკა გესმის ზღვის დონიდან ორი ათას ხუთას მეტრზე და უფრო ზევითაც. მუსიკა ჩაგესმის ციდან. მუსიკა ამოგესმის მიწიდან. 

მუსიკა გესმის ხალხიდან. მუსიკა გესმის ქალებისა და კაცების სხეულებიდან. ყველა ყური რაღაც მუსიკას გამოსცემს. ყველას თავისი მუსიკა უდევს ყურში. ყველას თავისი მუსიკა აქვს ყურში შეთხრილი. ყველა თავის მუსიკას გასმენინებს. ნებით თუ უნებურად, ყველა თავის მუსიკას გთხრის. 
სიჩუმე აკრძალულია. უკვე თავად სიჩუმე იქცა მუსიკად. სიჩუმე მუსიკალურად ორგანიზებულია. მოუსმინე ზღვის ტალღებს. მოუსმინე ქარს. მოუსმინე ღამის სიჩუმეს. კი არ გაჩუმდე, სიჩუმეს უსმინე!
გინდა თუ არ გინდა, მსმენელი ხარ. მოგწონს თუ არ მოგწონს, რაღაცის მოსმენა მოგიწევს. გარემო ყოველთვის შეგიქმნის მუსიკალურ ფონს. არ დაგტოვებს ფონის გარეშე. იმის მსმენელად გაქცევს, რისი მოსმენაც არ გინდა. იმას მოისმენ, რაც არ აგირჩევია; იმას მოისმენ, რაც სხვებმა შეირჩიეს თავისი ყურებისთვის. ან შენ შეგირჩიეს შენი ყურებისთვის. 

ჰაერს სხვების მიერ შერჩეული მუსიკა გასდევს ფონად.
მდუმარე და პირქუში ადამიანები (ბავშვები, უფროსები, გოგოები თუ ბიჭები, ქალები თუ კაცები) საკუთარი ტანებით (ყურებით) დაატარებენ თავთავიანთ მუსიკას. სუბიექტურ ფონს. ექსკლუზიურ ფონს. სახე პირქუშია - მუსიკა მხიარული (მხოლოდ ყურებს უხარიათ). ხალხთა ყურებიდან ეგოიზმი ხმიანებს (ზოგ შემთხვევაში გამაყრუებლად). 

ოღონდ ესაა: როცა ერთმანეთს ედება და ცვლის, წყვეტს თუ აგრძელებს ამდენი მუსიკალური ფონი, რეალურად ერთი ნოტი, ერთი ბგერაც კი არ გესმის. ფონს არ ჰყავს მსმენელი. ეს მუსიკა ყრუებისთვისაა. ბევრი მუსიკა ბევრი ყრუსათვის! ბევრი მუსიკა = O მუსიკას. შეუძლებელია ერთდროულად უსმინო ამდენ მუსიკას. რა გამოდის? ესე იგი, არ უსმენ. გესმის და არც გესმის. გესმის კიდეც და ყრუც ხარ. შენში ხმოვან-ბლანტი მასა იღვრება. გვერდში
მილიონნაირი მუსიკისგან გამოძერწილი მუტანტი გიდგას და დაუღლელად გეჩურჩულება, ენას არ აჩერებს.
შენც ისმენ. ისმენ და მაინც არ გესმის. 

ახალი ავადმყოფობა: არაორგანიზებული სიჩუმის შიში. 
მუსიკალური ფონი აუცილებელია. 
მუსიკები მხეცს ამშვიდებენ ადამიანში.

No comments:

Post a Comment